Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავების შესახებ იუწყება


რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაკავებულია ოთხი ეჭვმიტანილი, რომლებიც მოსკოვში გეგმავდნენ აფეთქებებს. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ 15 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები მოლდავეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. ოფიციალური ცნობით, დაკავებულები მოქმედებდნენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ უშუალო მითითებების საფუძველზე. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბრალდებულები დააკავეს მოსკოვსა და მის გარეუბნებში. ჩხრეკისას ამოიღეს იარაღი, სამხედრო აღჭურვილობა და ასაფეთქებელი მოწყობილობა. მოლდავეთს და ტაჯიკეთს, ყველაზე ღარიბ პოსტაბჭოთა ქვეყნებს, მოქალაქეები ხშირად ტოვებენ სამუშაოს პოვნის მიზნით და მოსკოვში მიეშურებიან. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ხშირად იმეორებს, რომ ის აქტიურად მუშაობს ტერორისტული თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. სამსახურის დირექტორის, ალექსანდრ ბორტნიკოვის მიერ წინა კვირას გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წელს რუსეთში აღკვეთეს 42 ტერორისტული დანაშაული. 37 ადამიანი დაიღუპა ბოლო მასშტაბური ტერორისტული აქტის შედეგად, რომელიც თვითმკვლელმა მოიერიშემ 2011 წელს განახორციელა მოსკოვის დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტში.

XS
SM
MD
LG