Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი „ტერორისტულ აქტად“ აფასებს თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას


მოსკოვი "ტერორისტულ აქტად" მიიჩნევს თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას. კარლოვი გარდაიცვალა ანკარაში თავდასხმისას მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად. რუსი დიპლომატი ანკარის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში სიტყვით გამოდიოდა, როცა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც კოსტუმი ეცვა და ჰალსტუხი ეკეთა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ მოსკოვში უთხრა ჟურნალისტებს, ელჩი თავდასხმის შემდეგ მალე გარდაიცვალა. „ეს არის ტრაგიკული დღე რუსეთის დიპლომატიის ისტორიაში. დღეს ანკარაში, საჯარო ღონისძიების დროს თურქეთში რუსეთის ელჩმა, ანდრეი გენადის ძე კარლოვმა მიიღო ჭრილობები, რის შედეგადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. მომხდარს ვაფასებთ, როგორც ტერორისტულ აქტს“, - განაცხადა ზახაროვამ. თურქეთის ტელეკომპანია ენ-ტი-ვი იუწყება, რომ რუსეთის ელჩზე თავდასხმისას დაიჭრა კიდევ სამი ადამიანი და რომ თურქმა პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს თავდამსხმელი, რომელიც, როგორც ჩანს, მარტო მოქმედებდა. თავდასხმის დროს გალერეაში გადაღებულ ვიდეოზე ჩანს კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც ისვრის და არაბულად იძახის: ეს არის სამაგიერო ალეპოსათვის, სამაგიერო სირიისათვისო. შემდეგ ის თურქულადაც ყვირის: პასუხს აგებთ ყველაფერზე, რაც ჩვენს ტერიტორიაზე გააკეთეთო. ანდრეი კარლოვის ოფიციალური ბიოგრაფიით, ის 1954 წელს დაიბადა და 2013 წლის ივლისიდან იყო თურქეთში რუსეთის ელჩი. რუსეთმა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო სამხედრო-საჰაერო კამპანია სირიაში თავისი მოკავშირის, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დასახმარებლად.

XS
SM
MD
LG