Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სამხედრო პატივით დაკრძალეს ელჩი ანდრეი კარლოვი


რუსეთში მიწას მიაბარეს თურქეთში 19 დეკემბერს მოკლული რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა. თურქეთში მოკლულ დიპლომატთან გამოთხოვების სამოქალაქო პანაშვიდი ხუთშაბათს სმოლენსკის მოედანზე მდებარე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში გაიმართა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი და რუსეთის ხელისუფლების პირველი პირები იმყოფებოდნენ. ვლადიმირ პუტინმა 21 დეკემბერს, საკუთარი განკარგულებით, სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა რუს დიპლომატს, რომელიც ანკარაში 19 დეკემბერს პოლიციელმა მევლუთ მერთ ალტინტაშმა იმ დროს მოკლა, როდესაც ის ანკარაში მოწყობილ ფოტოგამოფენაზე სიტყვას წარმოთქვამდა. თურქეთი აცხადებს, რომ მკვლელობის უკან იდგა აშშ-ში დევნილობაში მყოფი სასულიერო პირი, ფეთულა გიულენი.თურქეთის ხელისუფლებას მხედველობაში აქვს ის გარემოება, რომ თურქი პოლიციელი, რომელმაც ანკარაში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლა, იყო მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთულა გიულენის, „ქსელის“ წევრი. თავად გიულენმა, რომელიც პენსილვანიაში ცხოვრობს, „საზიზღარ ტერაქტად“ მოიხსენია რუსი ელჩის მკვლელობა და მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს სასაცილო უწოდა.

XS
SM
MD
LG