Accessibility links

საშობაო ქადაგებაში რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა ახსოვდეთ ლტოლვილები და ეკონომიკურად დაზარალებული ადამიანები


რომის პაპმა ფრანცისკემ 25 დეკემბერს ტრადიციული საშობაო წირვა ჩაატარა და ქადაგებაში გამოთქვა მშვიდობის დამყარების იმედი მსოფლიოში, რომელიც მოიცვა ომმა და ტერორიზმმა. პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა ახსოვდეთ მიგრანტები, ლტოლვილები და ის ადამიანები, რომლებიც „ფულის გაკერპებით“ გამოწვეული ეკონომიკური მღელვარების მსხვერპლნი გახდნენ. ფრანსიცკემ, რომლისთვისაც ეს მეოთხე საშობაო სეზონია პაპად 2013 წელს არჩევის შემდეგ, ასევე მოუწოდა პალესტინელებს და ისრაელის მცხოვრებთ გამოიჩინონ გაბედულება, გადადონ სიძულვილი და შურისძიების სურვილი და „ისტორიაში ახალი თავი დაწერონ“ - იმ ფონზე, როცა იკვეთება ახალი დაძაბულობის ნიშნები გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის გამო, რომელიც გმობს ისრაელის დასახლებების მშენებლობას ოკუპირებულ მიწებზე. პაპის ტრადიციული მიმართვში "Urbi et Orbi"(ქალაქსა და მსოფლიოს) აქცენტი დაისვა ომით, ძალადობით და ტანჯვით დაღდასმულ მსოფლიოზე, მაშინ, როცა იესოს შობის დღეებში ჰარმონია და მშვიდობა უნდა სუფევდეს. „მშვიდობა მათ, ვინც ძვირფასი ადამიანი დაკარგა ტერორიზმის სასტიკი აქტების შედეგად - აქტების, რომლებმაც შიში და სიკვდილი დანერგეს ასე ბევრი ქვეყნის თუ ქალაქის გულებშიო“ - უთხრა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 40,000-მდე ადამიანს. შობის დღეებში იტალიაში და ვატიკანში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მას შემდეგ, რაც იტალიის პოლიციამ მოკლა კაცი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, მანამდე ბერლინში გამართულ საშობაო ბაზრობაზე მისულ ხალხში სატვირთო მანქანით შეიჭრა და 12 ადამიანი იმსხვერპლა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG