Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: სირიის მთავრობამ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, სირიის მთავრობამ და მისმა ოპონენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთელ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დეკლარაციას, რომელშიც გამოთქმულია მზადყოფნა სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად. ასევე ხელმოწერილი იქნა დოკუმენტი ზავის შესასრულებელი ზომების შესახებ. ამასობაში სირიის არმიამ გამოაცხადა, რომ, ადგილობრივი დროით, შუაღამიდან (თბილისის დროით 30 დეკემბერს დილის 2 საათზე) შეწყვეტს ბრძოლას მთელ სირიაში. როგორც პუტინმა დღეს აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან საუბრისას, ყველა შეთანხმება ძალიან იოლად შეიძლება ჩაიშალოს და მათი დაცვა საგანგებო ყურადღებას მოითხოვს. პუტინის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი და რუსეთი ამზადებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და დოკუმენტს, რომელშიც შესულია კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების გეგმა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთი და თურქეთი იქნებიან სირიაში ზავის „გარანტები“. თურქეთი და რუსეთი თავდაპირველად სხვადასხვა მხარეს იდგნენ სირიის კონფლიქტში, რომელმაც 250 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა. თურქეთი ემხრობოდა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობას მაშინ, როცა რუსეთი, ისევე როგორც ირანი, ასადის მოკავშირეა. მაგრამ ბოლო თვეებში ანკარა და მოსკოვი მჭიდროდ თანამშრომლობენ სირიის საკითხში.

XS
SM
MD
LG