Accessibility links

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ყადაღის მოხსნას სთხოვს ხელისუფლებას


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ხელისუფლებას მიმართა, სასამართლო დავის დასრულებამდე ყადაღა მოეხსნას „რუსთავი 2“-ისა და მისი მფლობელი, “TV საქართველოს“ ქონებას. დღეს გამართულ ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ყადაღის გამო, ტელეკომპანია დაგვიანებით ასრულებს კრედიტორებისა და ხაზინის წინაშე არსებულ ფინანსურ და საგადასახადო ვალდებულებებს. გვარამიას შეფასებით, ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებით და „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ წარმოებული ბრძოლის შედეგია. ნიკა გვარამიას თქმით, უზენაესმა სასამართლომ ვერ გამონახა დრო, ემსჯელა ტელეკომპანიის შუამდგომლობაზე და სასამართლო დავის დასრულებამდე ყადაღა მოხსნილიყო, რათა „რუსთავი 2“-ს შეძლებოდა ფინანსური ოპერირება. "მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებას, დაანებეთ ‘რუსთავი 2’-ს თავი, გადაწყვიტეთ საქმე ობიექტურად და ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, მოხსენით ყადაღა, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ შეუძლებელი გახდეს ჩვენი ფინანსური საქმიანობა“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 2016 წლის ივნისში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საკუთრებად გამოცხადდა. ამჟამად საქმეს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

XS
SM
MD
LG