Accessibility links

სირიის მთავრობა და ოპოზიცია ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, სირიის მთავრობამ და მისმა ოპონენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთელ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დეკლარაციას, რომელშიც გამოთქმულია მზადყოფნა სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად. ასევე ხელმოწერილი იქნა დოკუმენტი ზავის შესასრულებელი ზომების შესახებ. ზავი ადგილობრივი დროით შუაღამიდან (თბილისის დროით 30 დეკემბერს დილის 2 საათზე) უნდა ამოქმედდეს და იქნება პირველი ზავი სირიის მასშტაბით მას შემდეგ, რაც სექტემბერში ერთი კვირა მოქმედების შემდეგ ჩაიშალა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი რამდენიმეჯერ დარღვევის შემდეგ. თურქეთში დაფუძნებულმა „სირიის ეროვნულმა კოალიციამ“, რომელიც სირიელი ოპოზიციონერების მთავარი გაერთიანებაა, დაადასტურა, რომ მხარს უჭერს ზავს. როგორც პუტინმა 29 დეკემბერს აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან საუბრისას, სირიაში ზავზე შეთანხმება ძალიან იოლად შეიძლება ჩაიშალოს და მის დაცვა საგანგებო ყურადღებას მოითხოვს. პუტინის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი და რუსეთი ამზადებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. პუტინმა გამოაცხადა აგრეთვე სირიაში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის შემცირების გეგმაზე: „ვეთანხმები თავდაცვის სამინისტროს წინადადებას სირიის რესპუბლიკაში ჩვენი სამხედრო წარმომადგენლობის შემცირების შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ უდავოდ გავაგრძელებთ ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან და კვლავაც გავუწევთ მხარდაჭერას სირიის კანონიერ მთავრობას ტერორიზმთან ბძროლაში“, - განაცხადა პუტინმა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთი და თურქეთი იქნებიან სირიაში ზავის „გარანტები“.

XS
SM
MD
LG