Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ქვეყნიდან გააძევებს რუსეთის 35 დიპლომატს


აშშ ქვეყნიდან გააძევებს რუსეთის 35 დიპლომატს. ამის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელით გაავრცელა განცხადება თეთრი სახლის პრესსამსახურმა. განცხადების თანახმად, აშშ ამ ზომას მიმართავს რუსეთის მთავრობის მისამართით მრავალჯერადი კერძო და საჯარო გარფთხილების შემდეგ და მისი გატარება აუცილებელია, როგორც პასუხი რუსეთის მცდელობებზე, ზიანი მიაყენოს აშშ-ის ინტერესებს ქცევის საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დარღვევით. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დაიხურება რუსეთის ორი დაწესებულება მერილენდსა და ნიუ-იორკში. აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენება. რუსეთის მოქალაქეებს 72 საათის განმავლობაში დაატოვებინებენ აშშ-ის ტერიტორიას ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან. გარდა ამისა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდება ჰაკერული თავდასხმებისთვის, რომლებიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ისახავდა მიზნად. სანქციები შეეხება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (ფე-ეს-ბე) და რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ სადაზვერვო სამმართველოს (გრუ). სანქციები შეეხება რიგ კომპანიებსა ცალკეულ პირებს. ოთხშაბათს აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (ეფ-ბი-აი) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გამოყენებული ტექნიკური მეთოდები აშშ-ის სამთავრობო და კერძო კომპიუტერული სისტემების წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმების განსახორციელებლად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციები კონტრაპროდუქტიულია და ისინი ზიანს მიაყენებს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებს.

XS
SM
MD
LG