Accessibility links

დონალდ ტრამპი სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდება


აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აპირებს სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან განიხილოს რუსეთის მიმართ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ბრალდება. ტრამპის განცხადებით, ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მომავალ კვირაში შეხვდება სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს, რათა მიიღოს ინფორმაცია შექმნილი სიტუაციის შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 29 დეკემბერს გამოაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, დემოკრატიული პარტიის სერვერებზე რუსი ხაკერების თავდასხმის გამო, ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან გააძევებენ 35 რუს დიპლომატს. მათ 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ აშშ-ის ტერიტორია. გარდა ამისა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დახურა რუსეთის დიპლომატიური მისიის კუთვნილი შენობები მერილენდსა და ნიუ იორკში, რადგან ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ამ ობიექტებს რუსეთი იყენებს სადაზვერვო მიზნებისთვის. კიბერთავდასხმების საპასუხოდ, ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე კერძო და იურიდიულ პირსაც. მათ შორის, შეზღუდვები შეეხება რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს და შეიარაღებული ძალების მთავარ სადაზვერვო სამმართველოს. მოსკოვის საწინააღმდეგო ზომების ამოქმედებამდე, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და შიდა უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნეს მოხსენება, რომლის თანახმად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას განხორციელებულ კიბერთავდასხმებთან კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს.

XS
SM
MD
LG