Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სი-ენ-ენის“ ცნობით, რუსეთი მოსკოვში ხურავს ანგლო-ამერიკულ სკოლას ვაშინგტონის გადაწყვეტილების საპასუხოდ


სამაუწყებლო კომპანია „სი-ენ-ენის“ ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება მოსკოვში მდებარე ანგლო-ამერიკული სკოლის დახურვის შესახებ, პასუხად ვაშინგტონის იმ გადაწყვეტილებისა, რომლის თანახმად, დაწესდა ახალი სანქციები მოსკოვის მხრიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო. მოსკოვში არსებული სკოლა ძირითადად აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის საელჩოების თანამშრომელთა შვილების განათლებას ემსახურება. თუმცა, სკოლაში რუსი და სხვა ეროვნების ბავშვებიც დადიან. ანგლო-ამერიკული სკოლის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე „სი-ენ-ენს“ ინფორმაცია აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. მათივე ცნობით, რუსეთი ასევე კრძალავს შესვლას აშშ-ის საელჩოს დასასვენებელ სახლში, რომელიც მოსკოვთან ახლომდებარე სერებრიანი ბორში მდებარეობს. ეს ზომები არის პასუხი თეთრი სახლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დაიხურება რუსეთის ორი დაწესებულება მერილენდსა და ნიუ-იორკში. აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენება. რუსეთის მოქალაქეებს 72 საათის განმავლობაში დაატოვებინებენ აშშ-ის ტერიტორიას ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან. გარდა ამისა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდება ჰაკერული თავდასხმებისთვის, რომლებიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ისახავდა მიზნად. რუსეთმა განაცხადა, რომ 30 დეკემბერს გამოაცხადებს საპასუხო ზომებს თეთრი სახლის მიერ დაწესებულ სანქციებზე. პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა კი ტვიტერით გაავრცელა რეპლიკა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბარაკ ობამა პრეზიდენტობის ვადის ბოლოს „ანტირუსულ აგონიაში იმყოფება“.

XS
SM
MD
LG