Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი მაკკეინი: რუსეთის ჰაკერული იერიში - ეს არის თავდასხმა აშშ-ზე


გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა რადიო თავისუფლების შეკითხვაზე რუსეთის მიმართ მოსალოდნელ ახალ სანქციებზეც ისაუბრა და ჰაკერულ იერიშებს სამთავრობო და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, რუსეთის მხრიდან აშშ-ზე თავდასხმა უწოდა. „ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ უფრო მკაცრი სანქციების შემოღებისათვის რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც თავდასხმა განახორციელა შეერთებულ შტატებზე, რადგან ჰაკერული იერიში ეს არის თავდასხმა და სწორედ ასე უნდა განვიხილოთ ეს შემთხვევა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სანქციები უნდა შეეხოს რუსეთის საფინანსო ინსტიტუტებსა და რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებას. ჩვენ აქტიურად მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, რათა უფრო მძლავრი და მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესდეს რუსეთს, აშშ-ზე განხორციელებული თავდასხმის გამო,“ - განაცხადა სენატორმა ჯონ მაკკეინმა რადიო თავისუფლების შეკითხვაზე. საქართველოს 1 იანვარს ესტუმრა ამერიკელ სენატორთა სამკაციანი ჯგუფი. რესპუბლიკელი სენატორი - ჯონ მაკკეინი, ასევე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი - ემი კლობუჩარი საქართველოში უკრაინიდან შუადღეს ჩავიდნენ. სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ზოლის დათვალიერების შემდეგ ამერიკელი სენატორები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან. 2 იანვარს კი ესტუმრებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების კრწანისის სასწავლო პოლიგონს, რომელიც ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG