Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის წარმომადგენელი: არ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთის კიბერთავდასხმამ გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე


აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელ შონ სპაისერის განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთის ჰაკერულმა თავდასხმამ გავლენა მოახდინა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე. ეს განცხადება სპაისერმა 2 იანვარს ტელეკომპანია "ფოქს ნიუსთან"საუბრისას გააკეთა. მას შემდეგ, რაც 20 იანვარს ტრამპის პრეზიდენტად ინაუგურაცია გაიმართება, შონ სპაისერი გახდება თეთრი სახლის პრეს-მდივანი. „ჰაკერული თავდასხმა ცუდია“ და „ხალხი ასე არ უნდა ერეოდესო“, თქვა მან, მაგრამ გაიმეორა ტრამპის გაფრთხილება, რომ ნაჩქარევად არ უნდა დაადანაშაულო რუსეთი კიბერიერიშებში. მანამდე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იმდენად დამაჯერებლად მიიჩნია რუსეთიდან ჰაკერული თავდასხმების მტკიცებულებები, რომ გასულ კვირაში მიიღო გადაწყვეტილება შეერთებული შტატებიდან 35 რუსი დიპლომატის გაძევებისა და რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ. მაშინ, როცა ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ეჭვი ეპარება კიბერიერიშების ბრალდების ობიექტურობაში.

XS
SM
MD
LG