Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთი ამოწმებს სტამბოლში ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობას


ყირგიზეთის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, ისინი თურქეთთან ერთად მუშაობენ ახალი წლის ღამეს სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობის დასადგენად. თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა, რახათ სულეიმანოვმა დღეს უთხრა ჩვენს რადიოს, რომ ყირგიზი გამომძიებლები ამოწმებენ თავდასხმაში ეჭვმიტანილის ფოტოს, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყირგიზულ პასპორტშია ჩაკრული. ეჭვმიტანილი, რომელმაც თავდასხმის შემდეგ მიმალვა შეძლო, ახალი წლის დადგომის შემდეგ ცოტა ხანში, ავტომატური იარაღით შეიჭრა სტამბოლის ფეშენებელურ ღამის კლუბში, „რეინაში“, და სროლა დაიწყო. დაიღუპა 39 და დაიჭრა 69 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. ის აცხადებს, რომ შური იძია სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციებისათვის. თურქეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ღამის კლუბზე თავდამსხმელი შუააზიელია. ზოგი ექსპერტი თავდასხმის ვიდეოჩანაწერის საფუძველზე ვარაუდობს, რომ ეჭვმიტანილს სამხედრო მომზადება აქვს გავლილი. თურქეთის მთავრობის პრესმდივნის, ნუმან კურტულმუსის განცხადებით, გამომძიებლები ახლოს არიან თავდამსხმელის იდენტიფიცირებასთან.

XS
SM
MD
LG