Accessibility links

სტამბოლში ღამის ბარზე თავდასხმაში ეჭვმიტანილად აღარ ითვლება ყირგიზი მამაკაცი, რომლის ფოტოც მედიაში გავრცელდა


ყირგიზი ოფიციალური პირების განცხადებით, მამაკაცს, რომელსაც თურქეთისა და იტალიის საინფორმაციო საშუალებებში და სოციალურ მედიაში ახსენებდნენ, როგორც სტამბოლში ღამის კლუბზე თავდასხმაში სავარაუდო ეჭვმიტანილს, აღარ უკავშირებენ ამ საქმეს. ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა, რახათ სულეიმანოვმა 3 იანვარს უთხრა ჩვენს რადიოს, რომ მედიაში სავარაუდო ეჭვმიტანილად ნახსენები ლახე მაშრაპოვი ყირგიზეთში იმყოფება და მის დაკითხვას ყირგიზი და თურქი გამომძიებლები აწარმოებენ. პრესმდივნის განმარტებით, მაშრაპოვი ბიზნესმენია და 3 იანვარს მოქმედი პასპორტით ჩაფრინდა სტამბულიდან ბიშკეკში. თავად მაშრაპოვმა ყირგიზეთის მედიას უთხრა, რომ წარმოდგენა არა აქვს, როგორ აღმოჩნდა მისი პასპორტის სურათი მედიაში. თურქი სამართალდამცველები კი კვლავაც ეძებენ პირს, რომელიც ახალი წლის ღამეს სტამბოლში, ღამის კლუბ რეინაში შეიჭრა და ავტომატური იარაღით მოკლა 39, დაჭრა 70-მდე ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა. თურქეთის პოლიციას ეჭვმიტანილის ვინაობა საჯაროდ არ გაუმხელია, მაგრამ გაავრცელა ეჭვმიტანილის ფოტო და კლუბში თავდასხმის დროს გადაღებული ვიდეოს საფუძველზე გამოთქვა ვარაუდი, რომ თავდამსხმელმა ქალაქის პირობებში ბრძოლის პროფესიონალური ჩვევები გამოავლინა.

XS
SM
MD
LG