Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი აცხადებს, რომ დადგენილია სტამბოლის ღამის კლუბში მომხდარ თავდასხმაში დამნაშავის ვინაობა


თურქეთი აცხადებს, რომ დადგენილია იმ დამნაშავის ვინაობა, რომელიც ახალი წლის ღამეს თავს დაესხა სტამბოლის ერთ-ერთ ღამის კლუბს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუტ ჩავუშოღლუმ 4 იანავარს უთხრა ანადოლუს საინფორმაციო სააგენტოს. 1 იანვარს, გამთენიისას შეიარაღებული თავდამსხმელი სტამბოლის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, „რეინაში“ შეიჭრა და სროლა ატეხა, რის შედეგადაც დაიღუპა 39 და დაიჭრა 69 პირი. თავდამსხმელი ჯერ-ჯერობით არ დაუკავებიათ. ჩავუშოღლუს ეს განცხადება მოჰყვა ანადოლუს საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ხუთი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ეგეოსის ზღვის საპორტო ქალაქ იზმირში. ისინი ეჭვმიტანილი არიან ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში. სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სწორედ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ანადოლუს საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, ამ ეტაპზე გამოვლენილია მასობრივ მკვლელობასთან დაკავშირებული 14 პირი, მათ შორის ორი უცხოელი.

XS
SM
MD
LG