Accessibility links

მოლდავეთის პრეზიდენტი დნესტრისპირელი სეპარატისტების ლიდერს შეხვდა


მოლდავეთის პრეზიდენტი იგორ დოდონი სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონის დე ფაქტო ლიდერს, ვადიმ კრასნოსელსკის შეხვდა. შეხვედრა გაიმართა ქალაქ ბენდერიში, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დოდონმა აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული რთული საკითხები და ერთმანეთისაგან განსხვავებული ხედვები, მაგრამ, მისივე თქმით, ლიდერები მაინც უნდა მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას მოქალაქეების პრობლემების განსახილველად და მოსაგვარებლად. ხოლო დნესტრისპირეთის დე ფაქტო ლიდერის, ვადიმ კრასნოსელსკის თქმით, 4 იანვარს დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის მთავარ საკითხებს შორის იყო მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება და სარკინიგზო კავშირი. ცნობილია, რომ კრასნოსელსკი დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობასა და რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირს ემხრობა. ხოლო დოდონს, რომელიც 23 დეკემბერს აირჩიეს მოლდავეთის პრეზიდენტად, დადებული აქვს პირობა, რომ თავისი მმართველობის ვადაში მოაგვარებს დნესტრისპირეთის პრობლემას. მოლდავეთის ამ რეგიონს 1992 წლიდან, სეპარატისტებსა და მოლდავეთს შორის ხანმოკლე ომის შემდეგ აქვს მოპოვებული დე ფაქტო დამოუკიდებლობა.

XS
SM
MD
LG