Accessibility links

ჯულიენ ასანჟი უარყოფს, რომ რუსეთისაგან მიიღო აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ელექტრონული წერილები


ინტერნეტპორტალ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელმა ჯულიენ ასანჟმა კიდევ ერთხელ უარყო, რომ რუსული წყაროებისგან მიიღო აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კუთვნილი ელექტრონული წერილები. ამის შესახებ მან 3 იანვარს განაცხადა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ასანჟს, რომელიც 2012 წლის ივნისიდან ლტოლვილის სტატუსით იმყოფება ლონდონში ეკვადორის საელჩოში, არ გაუმჟღავნებია, ვინ გადასცა „ვიკილიქსს“ დემოკრატების ეროვნული კომიტეტისა და კლინტონის საარჩევნო კამპაანიის ხელმძღვანელის ჯონ პოდესტას კუთვნილი დოკუმენტები. „ხალხმა მიიღო ჩვენ მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები. ყველა მათგანი სინამდვილეს ასახავს. მაგრამ გაჩნდა ბრალდება, რომელიც ეკუთვნის ობამას ადმინისტრაციას. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ასეთი მწვავე რეაქცია? მიზეზი აშკარაა. ობამას ადმინისტრაცია ცდილობს ლეგიტიმაცია ჩამოართვას ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ტრამპის ადმინისტრაციას, რადგანაც თეთრი სახლი მან უნდა დაიკავოს. ისინი შეეცდებიან და უკვე ცდილობენ კიდეც იმის თქმას, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი არალეგიტიმური პრეზიდენტია“, განაცხადა ჯულიენ ასანჟმა. ჰაკერული თავდასხმის შედეგად მოპოვებული მასალები „ვიკილიქსმა“ გაავრცელა აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში, რაც აშშ-ს უსაფრთხოების სამსახურმა ჩათვალა მოსკოვის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევად იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყო დემოკრატების კანდიდატის მთავარი მოწინააღმდეგის, დონალდ ტრამპის გამარჯვებისთვის. ასანჟმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰაკერული თავდასხმის უკან რუსეთი არ დგას. შეკითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ პოდესტასა და დემოკრატების ეროვნული კომიტეტის ელექტრონული წერილების გამოქვეყნებამ ხელი შეუწყო ტრამპის გამარჯვებას, მან ასე უპასუხა: „ვინ იცის. ამის თქმა შეუძლებელია.“

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG