Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ „სათანადოდ ვერ შეაფასა“ რუსეთის დეზინფორმაციისა და კიბერიერიშების გავლენა


აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, მან „სათანადოდ ვერ შეაფასა“ გავლენა, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებზე შეიძლება მოახდინოს დეზინფორმაციამ და ჰაკერულმა თავდასხმებმა. ობამამ ეს განცხადება გააკეთა 8 იანვარს - მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაზვერვის უწყებებმა წარმოადგინეს ანგარიში, რომლის თანახმადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის „დავალებით“ ჩატარდა ჰაკერული თავდასხმებისა და მედიის მანიპულაციის კამპანია, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად. „მიზეზი, რატომ მოვითხოვე დაზვერვის ანგარიში, ნაწილობრივ იყო არა უბრალოდ იმის განხილვა, რაც ბოლო რამდენიმე თვეში მოხდა, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ გავაცნობიეროთ: პუტინი ამას უკვე კარგა ხანია აკეთებს ევროპაში. თავდაპირველად ეს ხდებოდა ყოფილ მოკავშირე სახელმწიფოებში, სადაც ბევრი რუსულენოვანი ცხოვრობს, მაგრამ ეს სულ უფრო აქტიურად კეთდება დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებშიც. ახლოვდება არჩევნები ჩვენს ნატოელ მოკავშირეებში, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. მოველი, რომ ასეთი რამ აქ კიდევ შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ობამამ ტელეკომპანია "ეი-ბი-სი"-სთან 8 იანვრის ინტერვიუში. 6 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დეზინფორმაციისა და ჰაკერული თავდასხმების მიზანი იყო არჩევნებში პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის გამარჯვების ხელშეწყობა.

XS
SM
MD
LG