Accessibility links

კრემლი უარყოფს აშშ-ის ბრალდებას, რომ პუტინის „დავალებით“ მოეწყო ჰაკერული თავდასხმა


კრემლი უარყოფს აშშ-ის დაზვერვის უწყებების ანგარიშში გამოთქმულ ბრალდებას, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დავალებით განხორციელდა დეზინფორმაციისა და ჰაკერული თავდასხმების კამპანია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ხელშესაწყობად. როგორც კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 9 იანვარს უთხრა ჟურნალისტებს, ამერიკული დაზვერვის ანგარიში შეიცავს „უსაფუძვლო ბრალდებებს“ და „არაპროფესიონალურ, ემოციურ დონეზეა“ მომზადებული. იქვე პესკოვმა აღნიშნა, რომ „კვლავაც გადაჭრით გამორიცხავს“ კიბერიერიშებში მოსკოვის, ან რუსი ოფიციალური პირების მონაწილეობას. მისივე თქმით, მოსკოვს ამჟამად არა აქვს კომუნიკაცია დონალდ ტრამპის გუნდთან. აშშ-ის დაზვერვის სამსახურებმა 6 იანვარს გამოაქვეყნეს ჰაკერულ თავდასხმებზე ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც არ არის გასაიდუმლოებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ პუტინის „დავალებით“ განხორციელდა მედიის მანიპულაციისა და ჰაკერული თავდასხმების კამპანია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის დასახმარებლად. აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, დაზვერვის სამსახურების ამ დასკვნის სისწორის მტკიცებულებებს მოიცავს ანგარიშის ნაწილი, რომელიც გასაიდუმლოებული რჩება, რათა დაზვერვას ხელი არ შეეშალოს მუშაობაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG