Accessibility links

რუსეთში მოითხოვენ ახალ კანონს, რომლის სულისკვეთებამაც არ შეიძლება საბჭოთა დრო არ მოგაგონოს...

რუსი პარლამენტარი ვიტალი მილონოვი და კრემლის მხარდამჭერი მედიასაშუალებები მოითხოვენ ახალ კანონს, რომლის საფუძველზეც რუსეთის მოქალაქეობას და ქონებას ჩამოართმევდნენ და თან რუსეთიდან გააძევებდნენ ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოსა და სოციალური მედიის აქტივისტ ბოჟენა რინსკას. მიზეზი? მათი კომენტარები 25 დეკემბრის ავიაკატასტროფის, შავ ზღვაში თვითმფრინავის ჩავარდნის შედეგად 92 ადამიანის დაღუპვის შემდეგ.

მოქალაქეობის ჩამორთმევა და დეპორტაცია დისიდენტების დასჯის პოპულარული მეთოდი იყო საბჭოთა დროს.

ახლა, როცა რუსეთში გაძლიერებულია ნაციონალიზმი სირიაში ომის, აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისა და დასავლეთთან უთანხმოების გამწვავების ფონზე, 150 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას ბოჟენა რინსკასთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მოთხოვნით.

დეპუტატი მილონოვი სოციალურ ქსელში მოითხოვს, ბაბჩენკოსა და რინსკას მოქალაქეობა ჩამოერთვას, ორივე რუსეთიდან იქნეს გაძევებული, მათი ქონება კი აუქციონზე გავიდეს და შემოსული თანხა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ზონაში მყოფ ბავშვებს მოხმარდეს.

მაინც რით დაიმსახურეს რინსკამ და ბაბჩენკომ თანამემამულეთა რისხვა?

დავიწყოთ ბოჟენა რინსკათი. 25 დეკემბრის ავიაკატასტროფის შემდეგ მან სოციალურ ქსელში მწუხარება გამოთქვა მუსიკოსების (ალექსანდროვის სახელობის ანსამბლის წევრების) და სხვების დაღუპვის გამო, მაგრამ იქვე კბილი გაჰკრა პრომოსკოვურ მედიას: ცუდია, დაღუპულებს შორის სახელმწიფო ტელევიზია „ენ-ტე-ვე“-ს მარტო სამი თანამშრომელი რომ არისო. ამ კომენტარს წინაისტორია აქვს: 2014 წელს რინსკას ერთი წლით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მიუსაჯეს „ენ-ტე-ვე“-ს ჟურნალისტებთან დაკავშირებული ინციდენტის - მათთვის, თითქოსდა, აღჭურვილობის დაზიანების - შემდეგ.

ავიაკატასტროფის მომდევნო დღეს თვით დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესმდივანი, გამოეხმაურა ბოჟენა რინსკას კომენტარს. პესკოვის განცხადებაში შეხვდებით სიტყვებს „სიგიჟე“, „სიმახინჯე“ და მოსაზრებას, რომ სრულიად გამართლებულია ბოჟენა რინსკას კომენტარზე საზოგადოების მძაფრი რეაქცია.

რაც შეეხება ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს, მისი დანაშაული კიდევ უფრო მძიმეა! ბაბჩენკომ სოციალურ ქსელში ავიაკატასტროფის დღეს დაწერა, რომ დაღუპულებიდან არავის თანაუგრძნობს, არავინ ეცოდება.

გაზეთმა „მოსკოვსკი კომსომოლეცმა“, როგორც ჩანს, ვეღარ აიტანა ამდენი მკრეხელობა და გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი მოწოდებით, მიღებულ იქნეს კანონი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს არ მისცემს საკუთარი თანამემამულეების „სისხლით ტკბობის“ უფლებას და რუსეთის ტერიტორიაზე არ შეუშვებს ასეთ ქმედებაში შემჩნეულ უცხოელებს.

არკადი ბაბჩენკოს აზრით, მისი და ბოჟენა რინსკას კომენტარების გამო აგორებული კამპანიის მიზანია რუსეთის მკვიდრთა გაფრთხილება: ჩვენ ერთი პოზიცია უნდა გვქონდეს, ჩვენ მწუხარება უნდა გამოვხატოთ და ვინც ამას არ იზამს, უნდა განადგურდესო.

„ეს არ არის მარტო დეპუტატი მილონოვი! პირველი არხიც ჩაერთო, ფედერაციის საბჭოს წევრი ფრანც კლინცევიჩიც არის ჩართული და ინტერნეტპორტალი „ლაიფნიუსიც“ რაღაც ყალბ ცნობებს იგონებს. უბრალოდ, რაღაც გიგანტური ძალებია მობილიზებული! იმას კი არ იძიებენ, თვითმფრინავი რატომ ჩამოვარდა, არამედ ბაბჩენკოსა და ბოჟენა რინსკაზე ნადირობენ“, - უთხრა არკადი ბაბჩენკომ ჩვენი რადიოს რუსულ რედაქციას.

ჩვენი რუსი კოლეგები ესაუბრნენ ბოჟენა რინსკასაც, რომელმაც ამასობაში წაშალა თავისი სკანდალური კომენტარი, მაგრამ არ შეუცვლია პრომოსკოვური მედიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. რინსკას კრიტიკა, უფრო ზოგადად, საზოგადოების წინააღმდეგაც არის მიმართული:

„ჩემთვის, კაცმა რომ თქვას, სიახლეს არ წარმოადგენს, რომ ჩვენი ქვეყანა სავსეა იდიოტებითა და ნაძირლებით. ვინ დაწერა 4 მილიონი დასაბეზღებელი წერილიო? ხომ იკითხა სერგეი დოვლატოვმა: „სტალინი სტალინად, მაგრამ ვინ დაწერა ოთხი მილიონი დასაბეზღებელი წერილიო“? აი, ეს ხალხი არ შეცვლილა! სტალინმა გაანადგურა, რევოლუციის შემდეგ გაანადგურეს ქვეყნის საუკეთესო ხალხი და დარჩნენ ყველაზე უარესები“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG