Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სესხების გალარების პროგრამა


საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სესხების გალარების პროგრამა, რომელიც, სავარაუდოდ, 33 ათასამდე სესხს შეეხება. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მთავრობას უნდა დაედგინა კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება ერთჯერადი გალარების სუბსიდირება. ფინანსთა მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი დაასახელა. „აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათას ლარს, 2015 წლის განმავლობაში. ამავე დროს მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 ათას დოლარზე მეტი 2015 წლის 1-ელი იანვრისთვის. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მათ 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე სესხი დაფარეს, ამ შემთხვევაში 2016 წლის 28 ნოემბრისათვის არსებული ნაშთის სუბსიდიას განახორციელებს მთავრობა”,- განაცხადა ქუმსიშვილმა. მისი შეფასებით, ამ ნაბიჯით ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა შემცირდება იმიტომ, რომ მსესხებლები, რომლებსაც ყოველთვიურად უწევდათ ვალუტის შეძენა მათი შემოსავლების კვალდაკვალ, სესხის დასაფარად, ამის გაკეთება არ მოუწევთ. მინისტრის თქმით, „ეროვნული ბანკი პირდაპირ მიაწვდის გალარებისთვის საჭირო ვალუტას კომერციულ ბანკებს და ასევე მიაწვდის უკვე კომერციულ ბანკებს იმ ლარის რესურსს, რომელი ლარის რესურსიც საჭიროა“.

XS
SM
MD
LG