Accessibility links

ტრამპის თქმით, თუ პუტინს ის მოსწონს, ეს ნაკლი კი არა, მონაპოვარია


აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ ვლადიმირ პუტინს ის მოსწონს, ეს ნაკლი კი არა, მონაპოვარია. ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან მისი პირველი შეხვედრა იყო, ტრამპმა, ამასთანავე, განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისწინა პერიოდში განხორციელებული ჰაკერული თავდასხმები, მისი აზრით, რუსეთის მოწყობილია. თუმცა, ტრამპმა იქვე დასძინა, რომ ამგვარ თავდასხმებს სხვა ქვეყნებიც ახორციელებენ. ვაშინგტონის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელის თქმით, რუსეთს შესწევს უნარი, დაეხმაროს აშშ-ს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. ამასთანავე, ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთი გაცილებით მეტი პატივისცემით მოეკიდება შეერთებულ შტატებს, ვიდრე სხვების პრეზიდენტობისას. ტრამპმა „ავადმყოფების“ მიერ „გამოგონილი ახალი ამბავი“ და „სიყალბე“ უწოდა მტკიცებას, თითქოს რუსეთმა მასზე კომპრომატები შეაგროვა. აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტის ეს კომენტარი მოჰყვა მოვლენათა მთელ ჯაჭვს, რომლის თანახმადაც რუსეთმა, სავარაუდოდ, გავლენა მოახდინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამ ბრალდებებმა კულმინაციას მიაღწია 10 იანვარს, როდესაც გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ გასულ კვირაში პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადასცეს დაზვერვის მიერ მოპოვებული დოკუმენტები, რომლებიც მოიცავს პირადი და ფინანსური ხავიათის ინფორმაციას ტრამპის შესახებ.

XS
SM
MD
LG