Accessibility links

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი დონალდ ტრამპს ესაუბრა კომპრომატებზე ცნობების შესახებ


აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ჯეიმს კლაპერის განცხადებით, აშშ-ის დაზვერვის უწყებებს არც დაუწერიათ და არც საიდუმლოდ გაუვრცელებიათ დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსკოვი ფლობს პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატებს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე. კლაპერის თქმით, ამ საკითხზე ის დონალდ ტრამპს ესაუბრა 11 იანვარს - მას შემდეგ, რაც რამდენიმე წამყვან საინფორმაციო საშუალებაში გავრცელდა ცნობა, რომ ტრამპს გასულ კვირაში შეატყობინეს შეუმოწმებელი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოსკოვის ხელში კომპრომატებია. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ეს დოკუმენტი არ არის აშშ-ის დაზვერვის უწყებების მუშაობის შედეგი და რომ არა მგონია, მოსკოვის ხელში არსებულ კომპრომატებზე ინფორმაციას ამ უწყებებიდან გაეჟონაო, - განაცხადა კლაპერმა. მანვე ინფორმაციის გაჟონვის ფაქტს "ეროვნული უსაფრთხოებისათვის საზიანო" უწოდა. საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესის" ცნობით, დოსიე, რომელიც გასულ კვირაში დონალდ ტრამპს გააცნეს, შეიცავს დაუდასტურებელ ინფორმაციას ტრამპთან დაახლოებულ პირებსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო კოორდინაციაზე აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაზე ჰაკერული თავდასხმის საკითხში და ასევე დაუდასტურებელ ინფორმაციას მოსკოვის ხელთ არსებულ კომპრომატებზე, მათ შორის სექს-ვიდეოებზე ტრამპის მონაწილეობით. ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა მედიაში ამ ცნობების გავრცელება და მათ „ყალბი ახალი ამბები“ უწოდა.

XS
SM
MD
LG