Accessibility links

თბილისს მცირე ხნით ესტუმრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი


საქართველოს მცირე ხნით ესტუმრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. მისმა თვითმფრინავმა ტექნიკური დაშვება განახორციელა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც გაიმართა კერისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეხვედრა. თბილისის საგარეო უწყების ცნობით, კერიმ და ზალკალიანმა განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. ორი დღით ადრე, 10 იანვარს, კერიმ საქართველო ახსენა ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას. კერძოდ, მან გააკრიტიკა დასავლეთის პასიურობა 2008 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. „არ მინდა, ვინმეზე უარყოფითად ვილაპარაკო, მაგრამ, რუსეთი საქართველოში შეიჭრა, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, და არაფერი გაკეთებულა - არც სანქციები, არც არაფერი. მერე ხელისუფლებაში ჩვენ მოვედით და რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ჩვენ ევროპა ავიყოლიეთ და სანქციები დავაწესეთ. და ამ სანქციებმა მძიმე ზარალი მიაყენა რუსეთს და ნათელი გახადა: ამ ყველაფრისთვის საფასური უნდა გადაიხადო. და, მიუხედავად ევროპაში ბევრის სურვილისა, რომ სანქციები გაუქმდეს, შევძელით მათი თანმიმდევრულად გაგრძელება და ძალაში დატოვება, მინსკის შეთანხმების შესრულების ძალისხმევის ფონზე,“ განაცხადა კერიმ.

XS
SM
MD
LG