Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარია გაბრიელის ვარაუდით, საქართველოს მოქალაქეები მარტიდან შეძლებენ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობას


ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოსა და უკრაინისათვის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებში, მარია გაბრიელი ვარაუდობს, რომ საქართველოს მოქალაქეები მარტიდან შეძლებენ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობას. ეს ვარაუდი გაბრიელმა ბრიუსელში ჩვენს კორესპონდენტთან საუბრისას გამოთქვა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლას. ბრიუსელში 12 იანვარს გამართულ სხდომაზე კომიტეტმა კენჭი უყარა ცვლილებას უვიზო მიმოსვლის რეგულაციაში, რომელზეც გასული წლის ბოლოს შეთანხმდნენ ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა კომიტეტის 42-მა წევრმა ორის წინააღმდეგ, ერთმა კი თავი შეიკავა. დღევანდელი კენჭისყრის შედეგს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მარია გაბრიელი შემდეგ ნაბიჯად ასახელებს საქართველოს საკითხის განხილვას თებერვალში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე: „ასე რომ, ახლა სულ რამდენიმე კვირის საკითხია და ქართველები უვიზოდ შეძლებენ ევროკავშირში მოგზაურობას. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს მოქალაქეებისათვის რეალობად იქცევა უვიზო მოგშზაურობა. ისინი ამას იმსახურებენ და ახლა მართლაც დროა, ეს მოხდეს“.

XS
SM
MD
LG