Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი საჭიროდ მიიჩნევს რუსეთთან ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე შეთანხმებას


აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის განცხადებით, მან შესაძლოა მხარი დაუჭიროს რუსეთის საწინააღმდეგო ზოგი ეკონომიკური სანქციისთვის ბოლოს მოღებას მოსკოვთან ბირთვული იარაღის მარაგის შემცირებაზე შეთანხმების სანაცვლოდ. ამის შესახებ ტრამპმა განაცხადა ბრიტანეთის გაზეთ „ტაიმსთან“ და გერმანიის გაზეთ „ბილდთან“ ინტერვიუში. ტრამპმა გამოთქვა სურვილი, რომ „მნიშვნელოვნად შემცირდეს“ აშშ-ისა და რუსეთის ბირთული არსენალი. ამავე დროს ტრამპმა მოსკოვი გააკრიტიკა სირიის სამოქალაქო ომში ინტერვენციისათვის: მას უწოდა „ძალიან ცუდი“ ნაბიჯი, რომელსაც „საშინელი ჰუმანიტარული სიტუაცია“ მოჰყვა. ამავე საუბრის დროს, დონალდ ტრამპმა „მოძველებული“ უწოდა ნატოს, მაგრამ თქვა აგრეთვე: ნატო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არისო. ტრამპი შეეხო „ბრექსიტსაც“, ანუ ბრიტანეთში რეფერენდუმის შედეგად ევროკავშირიდან გასვლის მხარდაჭერას, შეაქო ეს გადაწყვეტილება და გამოთქვა ვარაუდი, რომ იმიგრაციის საკითხში ევროკავშირის ლიბერალური პოზიციის გამო, ეს ბლოკი შესაძლოა მეტმა წევრმა დატოვოს. ტრამპმა, ერთი მხრივ, შეაქო გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი - თქვა, რომ პატივს სცემს მას, მაგრამ თქვა ისიც, რომ მერკელმა, მისი აზრით, „კატასტროფული შეცდომა“ დაუშვა 2015 წელს გერმანიაში ასიათასობით მიგრანტის შეშვებით.

XS
SM
MD
LG