Accessibility links

მოსკოვი იზიარებს დონალდ ტრამპის შეფასებას, რომ ნატო „მოძველებულია“


მოსკოვი დადებითად აფასებს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმულ შეფასებას, რომ ნატო „მოძველებულია“. ამავე განცხადებას შეშფოთებით გამოეხმაურნენ აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ ნატოელ მოკავშირე ქვეყანაში, გერმანიაში. ნატო მართლაც „რუდიმენტია“ და ჩვენ ამ შეფასებას ვიზიარებთო, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა. მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ "ნატო ფოკუსირებულია კონფრონტაციაზე და მთელი მისი სტრუქტურა კონფრონტაციის იდეალებს ეძღვნება, რასაკვირველია, ძნელია მას უწოდო თანამედროვე სტრუქტურა, რომელიც სტაბილურობის, მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოების იდეალებს შეესაბამება". ნატოს ბევრჯერ აქვს უარყოფილი რუსეთის ბრალდება, რომ კონფრონტაცია სურს. ალიანსის განმარტებით, აღმოსავლეთ ევროპაში მისი სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა არის რეაქცია რუსეთის ქმედებებზე, მათ შორის ყირიმის ანექსიახე, რომელიც შეშფოთებას იწვევს ნატოს აღმოსავლეთევროპელ წევრებში. ნატოს შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა გერმანიის მთავრობისგანაც. საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი აღნიშნავს, რომ ტრამპის მოსაზრება ეწინააღმდეგება განცხადებას, რომელიც სენატში გამართულ მოსმენაზე გააკეთა აშშ-ის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ჯეიმს მატისმა. 12 იანვარს მატისმა ნატოს უწოდა "თანამედროვე ისტორიაში და შესაძლოა, ზოგადად, ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსი". მას, ასევე მატისის აზრით, საფრთხეს უქმნის რუსეთი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG