Accessibility links

ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტად იტალიელი ანტონიო ტაიანი აირჩიეს


ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტზე გერმანიის წარმომადგენელ მარტინ შულცს შეცვლის იტალიელი ანტონიო ტაიანი. მემარჯვენე-ცენტრისტმა პოლიტიკოსმა ტაიანიმ გაიმარჯვა 17 იანვარს, ევროპარლამენტში გამართული კენჭისყრის მეოთხე რაუნდის შედეგად. მან ასევე იტალიელ კანდიდატს, მემარცხენე-ცენტრისტ ჯანი პიტელას აჯობა. ტაიანის მიემხრო 351, ხოლო პიტელას 282 პარლამენტარი. კენჭისყრის პირველ სამ რაუნდში სხვადასხვა პოლიტიკური ფრაქციის წარმომადგენელი ექვსი კანდიდატი მონაწილეობდა. გასულ წლებში ევროპარლამენტში მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ და მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალისტთა და დემოკრატთა პროგრესული ალიანსი“ ერთმანეთის კანდიდატებს ემხრობოდნენ პარლამენტის პრეზიდენტის პოსტის 2,5 წლით დასაკავებლად. ანტონიო ტაიანი მიჩნეულია იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან დაახლოებულ პირად. ის იყო ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი და 2008-2014 წლებში ევროკომისარი.

XS
SM
MD
LG