Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედვარდ სნოუდენს კიდევ ორი წლით გაუგრძელეს რუსეთში ცხოვრების უფლება


რუსეთი აცხადებს, რომ კიდევ ორი წლით გაუგრძელა რუსეთში ცხოვრების უფლება აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ყოფილ კონტრაქტორს, ედვარდ სნოუდენს, რომელიც აშშ-ში სამართლებრივი დევნის თავიდან ასაცილებლად, რუსეთს აფარებს თავს. რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა მარია ზახაროვამ 18 იანვარს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სნოუდენს კიდევ ორი წლით გაუგრძელეს რუსეთში ცხოვრების უფლება. სნოუდენმა 2013 წელს დატოვა შეერთებული შტატები ეროვნული უშიშროების სააგენტოში მუშაობისას მოპოვებული 1,5 მილიონი დოკუმენტის გასაჯაროვების შემდეგ. ამ ნაბიჯს მოჰყვა ცხარე საჯარო დისკუსია შეერთებული შტატების დაზვერვის ზოგი პროგრამის კანონიერებისა და მოკავშირე ქვეყნების ლიდერების მოსმენის საკითხის გარშემო. 17 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეიწყალა ჩელსი მენინგი, რომელიც 35-წლიან პატიმრობას იხდიდა ინტერნეტპორტალ "ვიკილიკსისათვის" გასაიდუმლოებული დოკუმენტების მიწოდების გამო. მენინგს 2013 წელს მიუსაჯეს პატიმრობა რამდენიმე, მათ შორის ჯაშუშობის ბრალდებით. ცნობების თანახმად, მას 17 მაისს გამოუშვებენ ციხიდან. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ირნესტმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ "რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება" არსებობს მანინგისა და სნოუდენის საქმეებს შორის. ირნესტის თქმით, მენინგისაგან განსხვავებით, სნოუდენმა მეტოქეს შეაფარა თავი - ქვეყანას, რომელიც მიზანმიმართული ძალისხმევით ცდილობს შეერთებულ შტატებში დემოკრატიისადმი ნდობის შერყევას.

XS
SM
MD
LG