Accessibility links

ნადია სავჩენკოს მკაცრად აკრიტიკებენ ყირიმსა და დონბასზე გამოთქმული მოსაზრებების გამო


უკრაინელი პარლამენტარი ნადია სავჩენკო მძაფრი კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც გამოთქვა მოსაზრება, რომ კიევი დროებით უნდა შეურიგდეს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, თუ სურს კონტროლის აღდგენა აღმოსავლეთში მდებარე რეგიონებზე, რომლებსაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ. სავჩენკომ ეს მოსაზრება გამოთქვა 17 იანვრის ტელეინტერვიუში. არ უნდა მივატოვოთ არც ყირიმი და არც დონბასიო, განაცხადა სავჩენკომ, მაგრამ თქვა ისიც, რომ თუ კიევის მოთხოვნები ყირიმზე იქნება ფოკუსირებული, დონბასი შესაძლოა „ახალი დნესტრისპირეთი“ გახდეს. დნესტრისპირეთს, რომელიც უკრაინის მეზობელ მოლდავეთში მდებარეობს, 1992 წლიდან აკონტროლებენ რუსეთის მომხრე სეპარატისტები. სავჩენკოს ტელეინტერვიუს სოციალურ მედიაში მკაცრი კრიტიკა მოჰყვა პოლიტიკოსებისა და რიგითი მოქალაქეებისაგან. ბევრის აზრით, სავჩენკო ემხრობა „ყირიმში დონბასის გაცვლას“. ნადია სავჩენკოს, რომელიც სამხედრო მფრინავი იყო და აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძოდა, შარშან 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთში, სადაც მისი განცხადებით, სეპარატისტებმა ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს. ის შარშანვე რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა, რის შემდეგაც სავჩენკო უკრაინაში დაკავებულ ორ რუს მოქალაქეზე გაცვალეს. ნადია სავჩენკო სამშობლოში გმირად დაბრუნდა, მაგრამ მას შემდეგ არაერთხელ იქნა გაკრიტიკებული ნაციონალისტების მიერ.

XS
SM
MD
LG