Accessibility links

ევროკავშირი ავღანეთში დაპირისპირებულ მხარეებს ჟურნალისტთა დაცვისკენ მოუწოდებს


ევროპის კავშირმა ავღანეთში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, ყოველი ღონე იხმარონ ჟურნალისტთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად. ეს მოწოდება მოჰყვა ავღანეთის ჟურნალისტთა უსაფრთხოების კომიტეტის დასკვნას იმის თაობაზე, რომ 2016 წელი ქვეყნის ისტორიაში „ყველაზე სისხლიანი წელი იყო ჟურნალისტებისა და მედიისთვის“. როგორც ავღანეთში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი ფრანც-მიხაელ მელბინი დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, „მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია - კრიტიკულად განწყობილი მედია პასუხს სთხოვს მთავრობასა და ადმინისტრაციას, უზრუნველყოფს გამჭვირვალობას საზოგადოებაში და აზრის გამოთქმის უფლებას ანიჭებს ავღანეთის რიგით მოქალაქეებს.“ გუშინ ავღანეთის ჟურნალისტთა უსაფრთხოების კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, შარშან ამ ქვეყანაში 13 ჟურნალისტი მოკლეს (მათგან, სულ ცოტა, ათი თალიბანის ექსტრემისტული დაჯგუფების მსხვერპლად ითვლება). დოკუმენტში საუბარია კიდევ 101 შემთხვევაზე, რომლებიც ჟურნალისტთა დაჭრას, ცემას, დაშინებასა და სხვა სახის ფიზიკურსა თუ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეხება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG