Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზი დეპუტატები მოითხოვენ განმარტებას ბიშკეკში თურქეთის თვითმფრინავის დაშვებასთან დაკავშირებით


ყირგიზეთის პარლამენტის დეპუტატები ხელისუფლებისგან მოითხოვენ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიფრინავდა ბიშკეკისკენ თურქეთის კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისში დედაქალაქ ბიშკეკთან მდებარე დასახლებაში ჩამოვარდა. თურქეთის ACT Airlines-ის კუთვნილი სატვირთო „ბოინგ 747“ აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა ასაფრენი ზოლიდან კილომეტრნახევარში მდებარე სააგარაკე დასახლება დაჩა-სუში, რის შედეგადაც დაიღუპა ეკიპაჟის ოთხი წევრი და 34 ადგილობრივი მოსახლე, მთლიანად ან ნაწილობრივ დაინგრა 30-ზე მეტი სახლი. 19 იანვარს გამართულ სხდომაზე ყირგიზეთის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა მთავრობა დაადანაშაულა მანასის აეროპორტში დაშვების მიზანთან დაკავშირებით გავრცელებული ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობების უგულებელყოფაში. თურქეთის ავიაკომპანიის განცხადებით, თვითმფრინავი ბიშკეკში უნდა დაეტვირთათ დაუზუსტებელი სავაჭრო პროდუქციით, ხოლო აეროპორტის მესვეურებისა და ყირგიზეთის ოფიციალურ პირთა მტკიცებით, დაშვების ერთადერთი მიზანი იყო საწვავის შევსება ჰონკონგი-სტამბოლის საჰაერო მარშრუტზე.

XS
SM
MD
LG