Accessibility links

საპარლამენტო უმცირესობა პოლიტიკური დებატების გამართვას მოითხოვს


საქართველოს პარლამენტის უმცირესობამ მოითხოვა 8 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველსავე სხდომაზე გაიმართოს პოლიტიკური დებატები, კომპანია „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულების საკითხზე. უმცირესობამ შესაბამისი განცხადება პარლამენტში დღეს დაარეგისტრირა. უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში, პარლამენტში არ მივიდა ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, მოითხოვენ, რომ უმრავლესობამ გასცეს პასუხი შეკითხვას „გაზპრომთან“ ანტისახელმწიფოებრივი შეთანხმების თაობაზე. თავის მხრივ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა უმრავლესობიდან, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მას და საზოგადოების დიდ ნაწილს შეკითხვები არ გააჩნია. „არსებობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ჩვენი ოპონენტები მოითხოვენ შევაჩეროთ ხელშეკრულება და დავტოვოთ ქვეყანა სატრანზიტო გადასახადისა და ფაქტობრივად, გაზის გარეშე“ - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ. რაც შეეხება პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მისვლას, გია ვოლსკის თქმით, ეს საკითხი რეგლამენტის მიხედვით გადაწყდება. სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურად „გაზპრომი“ საქართველოს უხდიდა გატარებული მოცულობის 10%-ს. ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ 11 იანვარს, განაცხადა, რომ ახალი, ორწლიანი შეთანხმებით, პირველ წელს ნაწილობრივ შენარჩუნდება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, შემდეგ წელს კი მხოლოდ ფულადი ანგარიშსწორება იქნება. კალაძემ „გაზპრომთან“ ახალ შეთანხმებას უწოდა ოპტიმალური ვარიანტი.

XS
SM
MD
LG