Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში სირიის შესახებ მოლაპარაკება ცხადჰყოფს მხარეებს შორის განსხვავებულ პოზიციებს


ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა მასპინძლობს სირიის შესახებ მოლაპარაკებას, რომლის მიზნადაც სახელდება დეკემბერში მიღწეული ზავის გასამყარებელ ზომებზე შეთანხმება. ორდღიან შეხვედრაში მონაწილეობენ როგორც სირიის მთავრობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ შეხვედრის დროს მათ შორის პირდაპირი კონტაქტი არ შემდგარა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, პირდაპირი კონტაქტი არ შედგა იმის გამო, რომ ოპოზიციონერები მთავრობის ჯარებს ადანაშაულებენ დეკემბერში ხელმოწერილი ზავის მრავალჯერ დარღვევაში. დაპირისპირებული მხარეების პირველი განცხადებები ცხადჰყოფს, რომ მათ განსხვავებულად ესმით ამჟამინდელი ზავის მიზანი. ერთი მხრივ, მთავრობის დელეგაციის განცხადებით, ზავი საჭიროა იმისათვის, რომ ოპოზიციონერებს შორის „პოლიტიკური პროცესით“ დაინტერესებული ჯგუფები გამოეყონ ჯგუფებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ექსტრემისტებთან - „ისლამურ სახელმწიფოსთან“, ან ალ-ყაიდასთან. მეორე მხრივ, ოპოზიცია ზავს მიიჩნევს პირველ ნაბიჯად კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისაკენ, რაც უნდა ითვალისწინებდეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას. ასტანის შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქაირათ აბდრაზმანოვმა თქვა, რომ ყაზახეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრად არჩეული ქვეყანა, მუშაობს, როგორც „ობიექტური“ და „ნეიტრალური“ შუამავალი. „დღევანდელი შეხვედრა მკაფიოდ გამოხატავს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას სირიაში ვითარების მშვიდობიანად მოსაგვარებლად. ყაზახეთს სჯერა, რომ სირიის კრიზისის მოსაგვარებლად ერთადერთი გზაა ურთიერთნდობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული მოლაპარაკებები“, - განაცხადა ყაზახმა მინისტრმა. სირიაში 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის შედეგად 300 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

XS
SM
MD
LG