Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოვების იმედი აქვს


საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს იმედი აქვს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში კიდევ უფრო გაფართოვდება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა. „მინდა მივულოცო ბატონ ტრამპს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად არჩევა და ვუსურვო წარმატებები, როგორც შიდა, ასევე მსოფლიო მასშტაბით არსებულ არაერთ გამოწვევასთან გამკლავებაში“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა 24 იანვარს, მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ძლიერი ამერიკა უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება რეგიონში აშშ-ის ერთგულ და მნიშვნელოვან პარტნიორად. „ჩვენ გვაქვს ინსტიტუციონალიზებული, სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი, რომელიც მოიცავს თავდაცვის და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, დემოკრატიული განვითარების და ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროებს და ამ ქარტიის ფარგლებში საქართველო გააგრძელებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმისათვის, რომ ორმხრივად ხელსაყრელი შედეგები მივიღოთ“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან აშშ იყო და დღემდე არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერი და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG