Accessibility links

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ფრანსუა ფიიონს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ


საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს, მემარჯვენე-ცენტრისტი „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელ ფრანსუა ფიიონს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ. ავტორიტეტიანმა სატირულმა გამოცემა „კანარ ანშენემ“ ჟურნალისტური გამოძიებით დაადგინა, რომ ფიიონის მეუღლე პენელოპე წლებში, როცა ფრანსუა ფიიონი პარლამენტის წევრი იყო, იკავებდა მისი ასისტენტის, შემდეგ კი ფიიონის შემცვლელი დეპუტატის ასისტენტის თანამდებობას, მოგვიანებით კი მუშაობდა ერთ-ერთ პრესტიჟულ ჟურნალში, თუმცა არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მართლაც მუშაობდა. ამ პერიოდში პენელოპე ფიიონს ხელფასის სახით აქვს მიღებული ნახევარ მილიონ ევროზე მეტი. 62 წლის ფრანსუა ფიიონმა, რომელსაც ბევრი მიიჩნევს ფავორიტად წლევანდელ არჩევნებში საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, დღეს განაცხადა, რომ აღშფოთებულია მედიაში გავრცელებული ინფორმაციით. მანამდე ფიიონმა თქვა, რომ პენელოპე ფიიონი მართლაც მუშაობდა მის ასისტენტად, მაგრამ უარყო პრესაში გამოთქმული ვარაუდი, რომ მისი ცოლი სინამდვილეში მხოლოდ გაფორმებული იყო ამ პოსტზე, ხელფასის ასაღებად. საფრანგეთში პარლამენტის წევრებს არ ეკრძალებათ ოჯახის წევრების დასაქმება. ფიიონები 1980 წელს დაქორწინდნენ და ხუთი შვილი ჰყავთ. წარმოშობით უელსელი პენელოპე ფიიონი ყოველთვის ჩრდილში იდგა, არასოდეს იძლეოდა ინტერვიუებს - აცხადებდა, რომ დიასახლისია და არ მონაწილეობს მეუღლის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG