Accessibility links

გალის რაიონში გაიმართა საპროტესტო აქცია დე ფაქტო საზღვარზე გამშვები პუნქტების დახურვის გეგმის გამო


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გალის რაიონში გაიმართა საპროტესტო აქცია მდინარე ენგურის გასწვრივ, დე ფაქტო საზღვარზე, საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვის გეგმის გამო. ამის შესახებ იუწყება ჩვენი რადიოს რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი. მისი ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ენგურის ხიდთან, მთავარი საკონტროლო-გამშვები პუნქტის წინ და დროებით გადაკეტეს მოძრაობა ზუგდიდის რაიონის მიმართულებით. დემონსტრანტების უმრავლესობა გალის რაიონის ქვედა ზონის მოსახლეობა იყო. საოკუპაციო რეჟიმი აპირებს, 26 იანვარს დახუროს „ბატიგუარის“ და „ბგოურის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტები, რის შემდეგაც დარჩება მხოლოდ ორი გამშვები პუნქტი. გარკვეული ხნის შემდეგ კი მხოლოდ ენგურის ხიდით იქნება შესაძლებელი დე ფაქტო საზღვარზე გადასვლა. „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შესახვედრად, ენგურის ხიდთან მივიდნენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელი სამართალდამცველები, მათ შორის გალის რაიონში სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი თემურ შერგელია. მათთან საუბრის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გზა გახსნეს და დაიშალნენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG