Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს 20-მდე ოპოზიციონერს


ბაქოში სასამართლომ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა 20-მდე ოპოზიციონერს, რომლებიც დამნაშავედ ცნო მთავრობის გადადგომისაკენ საჯარო მოწოდებით გამოსვლაში, აგრეთვე ეთნიკური, რელიგიური და სოციალური სიძულვილის გაღვივებაში. თეოლოგ თალეჰ მაგრიზადეს, რომელიც ხელმძღვანელობს „მოძრაობას მუსლიმთა ერთიანობისათვის“ და მის მოადგილე აბას ჰუსეინოს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, ოპოზიციური „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილე ფუად ყარამანლის - 10 წლით, ხოლო კიდევ 16 ოპოზიციონერ აქტივისტს - სხვადასხვა ვადით პატიმრობა. ყარამანლის გარდა, ყველა დანარჩენი მსჯავრდებული დააკავეს 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ბაქოსთან მდებარე სოფელ ნარდარანში ჩატარებული რეიდების დროს. ამ ოპერაციის დროს დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი. რაც შეეხება ფუად ყარამანლის - ის ნარდარანში სისხლისღვრიდან რამდენიმე დღეში დააპატიმრეს, როცა სოციალურ ქსელში დაწერა სამართალდამცველების ძალადობის შესახებ. ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდებები შეთითხნილია და მსჯავრდებულები თავს უდანაშაულოდ ცნობენ. ზოგი ამბობს, რომ წამების დროს აღიარა დანაშაული. უფლებადამცველების მონაცემებით, სულ 87 ადამიანია დაპატიმრებული „ნარდარანის საქმეზე“. რამდენიმე კაცს 2016 წელს გამოუტანეს ვერდიქტები და კიდევ ორ ჯგუფს, როგორც ჩანს, მოგვიანებით გაასამართლებენ.

XS
SM
MD
LG