Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: შევქმნით „უსაფრთხო ზონებს“, რათა ლტოლვილები სირიაში დარჩნენ


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის სირიაში „უსაფრთხო ზონების“ შექმნას აპირებს ლტოლვილებისთვის. ეს ინიციატივა წარმოადგენს ნაწილს მისი მსხვილმასშტაბიანი გეგმებისა, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ში იმიგრაციის შეზღუდვას. „სირიაში ნამდვილად შევქმნი უსაფრთხო ზონებს ხალხისთვისო“, განაცხადა ტრამპმა 25 იანვარს, ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, მას ეს გადაწყვეტილება მიაღებინა ევროკავშირში შექმნილმა ლტოლვილთა კრიზისმა, რომელიც სირიის სამოქალაქო ომით იყო გამოწვეული. „ვფიქრობ, ევროპამ უდიდესი შეცდომა დაუშვა როცა მილიონობით ამ ადამიანს უფლება მისცა გერმანიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში შესულიყვნენო“, განაცხადა ტრამპმა. სირიაში „უსაფრთხო ზონების“ შექმნას ტრამპი განიხილავს ტერორიზმის საფრთხესთან ბრძოლის საშუალებად, რადგან მუსლიმური ქვეყნებიდან ლტოლვილებს, მიგრანტებს და სხვა მოგზაურებს უნდა შეეზღუდოთ აშშ-ში ჩასვლის საშუალება. აშშ-ის მედიის თანახმად, „უსაფრთხო ზონების“ შესახებ ტრამპის ბრძანებასთან ერთად გავრცელდება სხვა ბრძანებებიც, რომლებიც შეაჩერებს სირიიდან ხალხის გადასვლას აშშ-ში და ასევე შეაჩერებს აშშ-ის ვიზების გაცემას სირიის, ერაყის, ირანის და კიდევ რამდენიმე მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის მანამ, სანამ მათი შემოწმების მკაცრი სისტემა ამუშავდება.

XS
SM
MD
LG