Accessibility links

რუსეთში დეპუტატ ლებედევას ორი ოლიმპიური მედალი ჩამოერთვა დოპინგის ტესტის შედეგად


რუსეთში დოპინგის ტესტის შედეგად ორი ოლიმპიური მედალი ჩამოერთვა დეპუტატ ტატიანა ლებედევას - რომელიც ამ ქვეყნის სკანდალებით მოცული სპორტული სისტემის აქტიური დამცველია. ლებედევამ 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლები მოიპოვა სიგრძეზე ხტომაში და სამმაგ ხტომაში. მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მას ეს მედლები ჩამოართვა მას შემდეგ, რაც ხელახლა შემოწმდა იმ დროს აღებული ნიმუშები და ლებედევას ორგანიზმში სტეროიდი ტურინაბოლი აღმოჩნდა. 2004 წელს, ათენის თამაშებზე ლებედევამ ოქროს მედალი მოიპოვა, მას აქვს კიდევ ორი სხვა ოლიმპიური მედალი სიდნეის და ათენის თამაშებიდან. ლებედევამ, რომელიც ამჟამად 40 წლის არის, სპორტის სამყარო 2013 წელს დატოვა და 2014 წელს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი გახდა. ის ხმამაღლა აკრიტიკებდა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს და მას „ანგლო-საქსონურ ლობის“ უწოდებდა. ამ სააგენტოს თაოსნობით 2015 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, რუსეთში მძლეოსანთა შორის დოპინგის გამოყენების ხშირი პრაქტიკა გამოვლინდა, რის შედეგადაც ეროვნული გუნდი არ დაუშვეს საერთაშორისო შეჯიბრებაზე. სააგენტომ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება მოიპოვა და შარშან 100-ზე მეტ რუს სპორტსმენს აეკრძალა რი-დე-ჟანეიროს თამაშებში ასპარეზობა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG