Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს მოუწოდებენ ბრალდება მოუხსნას ყირიმელ ჟურნალისტ სემენას


ადამიანის უფლებების დამცველები და ევროპელი კანონმდებლები რუსეთს მოუწოდებენ მოუხსნას სისხლის სამართლებრივი ბრალდება ჟურნალისტ მიკოლა სემენას, რომელიც რადიო თავისუფლებისთვისაც ამზადებდა რეპორტაჟებს და რომელსაც სეპარატიზმში სდებენ ბრალს. სემენას მხარდამჭერები თვლიან, რომ მისი საქმე ემსახურება რუსეთის მიერ უკრაინისგან ყირიმის ანექსირების კრიტიკოსთა გაჩუმებას. სემენას ბრალდების საბოლოო ვერსია დეკემბერში წარუდგინეს, 20 იანვარს კი მიაწოდეს საბრალდებო დასკვნა - დეტალური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს მტკიცებულებების აღწერას, ბრალდების მხარის მოწმეების სახელებს და სხვა ტიპის ინფორმაციას. სემენა თავდაპირველად აპრილში დააკავეს სტატიის გამო, რომელშიც ის ამბობდა, რომ ყირიმი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ აუკრძალეს ნახევარკუნძულის დატოვება. საბრალდებო დასკვნის არსებობა ნიშნავს, რომ მას ალბათ მალე გაასამართლებენ. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში სემენას ხუთ წლამდე ემუქრება თავისუფლების აღკვეთა. 24 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) რუსეთს მოუწოდებს მოუხსნას ბრალდებები სემენას და კიდევ ორ ჟურნალისტს, რომლებსაც, ასამბლეის შეფასებით, დევნიან „რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ოკუპაციის და ანექსირების“ შესახებ სტატიების გამო. 24 დეკემბერს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა, დუნია მიატოვიჩმაც განაცხადა, რომ სემენას საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს როგორ ახშობენ ყირიმში კრიტიკულ ხმებს. „ჟურნალისტის დევნა მის მიერ გამოხატული შეხედულებების გამო აბსოლუტურად მიუღებელია. გამოვდივარ მოწოდებით სემენას ყველა ბრალდება მოეხსნას“ - განაცხადა მან.

XS
SM
MD
LG