Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერეზა მეი: აშშ-მა და ბრიტანეთმა უნდა განაგრძონ მსოფლიო ლიდერობა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ აშშ-მა და ბრიტანეთმა უნდა შეინარჩუნონ მსოფლიოს ლიდერობა, თუმცა, ბოლო უნდა მოეღოს ისეთი ძვირადღირებული ომების დაწყებას, როგორებიც ავღანეთისა და ერაყის საომარი კამპანიებია. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა 26 იანვარს განაცხადა, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კანონმდებლების წინაშე ფილადელფიაში სიტყვით გამოსვლის დროს. ტერეზა მეი გამოეხმაურა რუსეთთან ურთიერთობასაც და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებების დროს საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. „ელაპარაკე, მაგრამ უფრთხილდი,“- ეს არის ჩემი რჩევა პუტინთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. დასავლეთი რუსეთთან ძალის პოზიციიდან უნდა ლაპარაკობდეს, თუმცა თავიდან უნდა აიცილოს კონფლიქტები, - მიაჩნია ტერეზა მეის. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა წინ უძღვოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან 27 იანვარს დაგეგმილ შეხვედრას. ტერეზა მეი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელთანაც დონალდ ტრამპი, ინაუგურაციის შემდეგ გამართავს მოლაპარაკებებს. მექსიკის პრეზიდეტმა ენრიკე პენია ნიეტომ გააუქმა ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც 31 იანვარს უნდა გამართულიყო.

XS
SM
MD
LG