Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკკეინი: რუსეთის მიმართ სანქციებს გავამყარებთ, თუ ტრამპი მათ მოხსნას შეეცდება


აშშ-ის სენატორი, ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ წამოაყენებს კანონპროექტს, რომელიც გაამყარებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მათ გაუქმებას შეეცდება. არიზონელი, რესპუბლიკელი სენატორი ამ განცხადებით გამოვიდა 27 იანვარს - ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის დაგეგმილი სატელეფონო საუბრის წინა დღეს. მანამდე ტრამპის უფროსმა მრჩეველმა, კელიენ კონუეიმ განაცხადა სატელევიზიო ინტერვიუში, რომ „განიხილება“ რუსეთისთვის უკრაინაში და სხვაგან გადადგმული ნაბიჯების გამო დაწესებული სანქციების მოხსნა. მაკკეინმა დასძინა, რომ დაგეგმილი სატელეფონო საუბრის ფონია ფართოდ გავრცელებული ხმები, რომ თეთრი სახლი გეგმავს რუსეთისთვის სანქციების მოხსნას. „ამერიკის და ჩვენი მოკავშირეების ეროვნული უსაფრთხოების სახელით, იმედს გამოვთქვამ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ ხმების გავრცელებას დაასრულებს და უარს იტყვის ასეთ სარისკო ნაბიჯებზე“ - ამბობს მაკკეინი და დასძენს: „თუ ასე არ მოიქცევა, ჩემს კოლეგებთან ერთად ვიმუშავებ, რათა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები კანონად იქცეს“. პუტინის ხმამაღალი კრიტიკოსი, მაკკეინი, რუსეთის პრეზიდენტს უწოდებს „მკვლელსა და ბოროტმოქმედს, რომელსაც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა სურს“. მოსკოვი მაკკეინს სისტემატურად სდებს ბრალს ანტირუსული განწყობის გაღვივებაში. ტრამპის გამოცხადებული სურვილი, რუსეთთან გააუმჯობესოს ურთიერთობა, კონგრესში იწვევს კრიტიკას როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მხრიდან.

XS
SM
MD
LG