Accessibility links

დონალდ ტრამპის ბრძანებულებებით შეიზღუდება აშშ-ში ლტოლვილთა შესვლა


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანებულებები, რომელთა ძალით, განუსაზღვრელი ვადით ეკრძალებათ აშშ-ში შესვლა სირიელ ლტოლვილებს და შეაჩერა მთელი რიგი მუსლიმური ქვეყნებიდან აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა. ტრამპმა 27 იანვარს გასცა განკარგულება, შემოწმების ახალი სისტემის შემოღებამდე 90 დღით შეჩერდეს იმიგრაცია შვიდი, ძირითადად მუსლიმებით დასახლებული, ქვეყნიდან. ეს ქვეყნებია: სირია, ირანი, ერაყი, ლიბია, სომალი, სუდანი და იემენი. ასევე, ტრამპის განკარგულებით, ოთხი თვით შეჩერდება ამერიკის ლტოლვილთა პროგრამა, რომელიც გავლენას იქონიებს ლტოლვილებზე ერაყიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდან. გარდა ამისა, მან განკარგულება გასცა, რომ 50 ათასამდე შემცირდეს ლტოლვილთა საერთო რაოდენობა, რომელთაც აშშ მთელი მსოფლიოდან მიიღებს მიმდინარე წელს. ლტოლვილთა მიმართ პოლიტიკის გამკაცრებაში მთავარი გამონაკლისი იქნებიან სირიელი ქრისტიანები, რომლებიც, ტრამპის თქმით, დევნას განიცდიან საკუთარ სამშობლოში. ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა დაგმეს და დისკრიმინაციული და არაკონსტიტუციური უწოდეს ნაბიჯებს, რომელთა სამიზნეა კონკრეტული რელიგია. მათი თქმით, იმ ზომების შედეგად, რომელთა შესახებ დაპირებები ტრამპმა საარჩევნო კამპანიის პერიოდში გააკეთა, ლტოლვილები სახიფათო ადგილებში გაირიყებიან და ეს აშშ-ს შემოუბრუნდება მუსლიმურ სამყაროში ამერიკის მიმართ ზიზღის ზრდით. ზიანი მიადგება აშშ-ის, როგორც იმიგრანტებისა და მსოფლიოს უპოვართა დამხმარე ქვეყნის რეპუტაციას.

XS
SM
MD
LG