Accessibility links

ხანძრის შედეგად დაიწვა სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“


ხანძრის შედეგად დაიწვა თბილისის რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარე სავაჭრო ცენტრი, „ბავშვთა სამყარო“ და მისი მიმდებარე ტერიტორია. წუხელ გაჩენილ ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდა 30-ზე მეტი ბრიგადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაშავდა ორი მეხანძრე. სააგენტოს წარმომადგენელმა დავით გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხანძრის შესახებ შეტყობინება მიიღეს 4 საათსა და 10 წუთზე და სამ წუთში პირველი დანაყოფი მივიდა ადგილზე, სადაც იწვოდა 3 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი. დავით გელაშვილის ინფორმაციით, ხანძრის ქრობიდან 5 წუთში ცეცხლი გავრცელდა მთელ შენობაზე, რომლის ფართი 10 000 კვადრატული მეტრია, 10-12 წუთში კი უკვე იწვოდა 18 000 კვადრატული მეტრი ღია ფართობი. დაზარალებული მოვაჭრეები ვარაუდობენ, ხანძარი განზრახ გააჩინეს, რადგან მათი ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე იგეგმება სხვა სავაჭრო ცენტრის მშენებლობა. რამდენიმე დაზარალებულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მეხანძრეები დაგვიანებით მივიდნენ და საკმარისი რაოდენობით წყალი არ ჰქონდათ. მათივე თქმით, „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა რომ ყოფილიყო, ცეცხლი ასე სწრაფად არ გავრცელდებოდა. დაზარალებული მოვაჭრეები, რომლებსაც ბანკებისგან სესხი აქვთ აღებული, დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით. ეს მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG