Accessibility links

ტრამპი ამართლებს მუსლიმური ქვეყნების მოქალაქეების აშშ-ში შეშვების დროებით აკრძალვას


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იცავს თავის განკარგულებას შვიდი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეების აშშ-ში შეშვების დროებით აკრძალვის შესახებ და ირწმუნება, რომ მისი განკარგულება არ არის „მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული აკრძალვა“. როგორც ტრამპმა 29 იანვარს განაცხადა, შეერთებული შტატები ვიზების გაცემას განაახლებს მას შემდეგ, რაც ამოქმედდება „ყველაზე უსაფრთხო პოლიტიკური ზომები“. ტრამპმა შეერთებული შტატების „უცხოელი ტერორისტებისაგან“ დაცვის დაპირებით, 27 იანვარს ხელი მოაწერა აშშ-ში ლტოლვილების მიღების პროგრამის 120 დღით შეჩერებას, განუსაზღვრელი ვადით სირიელი ლტოლვილების მიღებაზე უარს და 90 დღით იმიგრაციაზე უარს უმეტესწილად მუსლიმებით დასახლებული შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ამ ნაბიჯს მოჰყვა საპროტესტო აქციები შეერთებულ შტატებსა და უცხოეთში. ტრამპის გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებს ამერიკელი კონგრესმენების ნაწილიც. ამასობაში, რამდენიმე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება ვიზების მფლობელი უცხოელების დეპორტაციის შეჩერების შესახებ და აშშ-ის 16 შტატის გენერალურმა პროკურორებმა პირობა დადეს, რომ მიმართავენ ზომებს, რათა ტრამპის განკარგულება არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს.

XS
SM
MD
LG