Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამური ქვეყნების ორგანიზაცია: ტრამპის განკარგულება ექსტრემისტების პოზიციებს აძლიერებს


ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც 57 სახელმწიფოს აერთიანებს და, ამდენად, მსოფლიოში ისლამური სახელმწიფოების უდიდესი გაერთიანებაა, გამოთქვამს „სერიოზულ შეშფოთებას“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით, რომელიც დროებით ზღუდავს შეერთებულ შტატებში შვიდი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეების ჩასვლას. ტრამპის განკარგულება, ამ ორგანიზაციის შეფასებით, „უსამართლო“ ზომაა ბევრი ადამიანის მიმართ, ვინც ომსა და რეპრესიებს გაურბის. ასეთი შერჩევითი და დისკრიმინაციული ზომები მხოლოდ ექსტრემისტების რადიკალურ პოზიციებს გააძლიერებსო, ნათქვამია ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის განცხადებაში. ტრამპმა შეერთებული შტატების „უცხოელი ტერორისტებისაგან“ დაცვის დაპირებით, 27 იანვარს ხელი მოაწერა აშშ-ში ლტოლვილების მიღების პროგრამის 120 დღით შეჩერებას, განუსაზღვრელი ვადით სირიელი ლტოლვილების მიღებაზე უარს და 90 დღით იმიგრაციაზე უარს უმეტესწილად მუსლიმებით დასახლებული შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ამ ნაბიჯს მოჰყვა საპროტესტო აქციები შეერთებულ შტატებში და უცხოეთში, ტრამპის გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებს ამერიკელი კონგრესმენების ნაწილიც. ამასობაში, რამდენიმე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება აშშ-ის ვიზების მფლობელი უცხოელების დეპორტაციის შეჩერების შესახებ.

XS
SM
MD
LG