Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში აკრიტიკებენ ტრამპის განკარგულებას, რომელიც ზღუდავს აშშ-ში მუსლიმების ჩასვლას


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულება, რომელიც დროებით კრძალავს აშშ-ში შვიდი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეების ჩასვლას, მზარდ კრიტიკას იწვევს უცხოეთში. ისლამური ქვეყნების უდიდესი ორგანიზაცია „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოთქვამს, ხოლო გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ განკარგულება მიმართულია „ლტოლვილების საერთაშორისო დახმარების ძირითადი პრინციპების წინააღმდეგ“. მერკელმა ეს შეფასება გამოთქვა 30 იანვარს და აღნიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არ ამართლებს დონალდ ტრამპის განკარგულებით გათვალისწინებულ ზომებს. ტრამპმა შეერთებული შტატების „უცხოელი ტერორისტებისაგან“ დაცვის დაპირებით, 27 იანვარს ხელი მოაწერა აშშ-ში ლტოლვილების მიღების პროგრამის 120 დღით შეჩერებას, განუსაზღვრელი ვადით სირიელი ლტოლვილების მიღებაზე უარს და 90 დღით იმიგრაციაზე უარს უმეტესწილად მუსლიმებით დასახლებული შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ამ ნაბიჯს მოჰყვა საპროტესტო აქციები შეერთებულ შტატებში და უცხოეთში. ტრამპის გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებს ამერიკელი კონგრესმენების ნაწილიც. რამდენიმე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება აშშ-ის ვიზების მფლობელი უცხოელების დეპორტაციის შეჩერების შესახებ.

XS
SM
MD
LG