Accessibility links

ტრამპმა სამსახურიდან დაითხოვა გენერალური პროკურორის მოვალეობის ურჩი შემსრულებელი


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. სელი იეიტსი ტრამპმა დაითხოვა მას მერე, რაც მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა შვიდი, უპირატესად, მაჰმადიანური ქვეყნის მოქალაქეთათვის დროებით აშშ-ში შესვლის აკრძალვის ტრამპისეული განკარგულება. თეთრმა სახლმა 30 იანვარს იეიტსი დაადანაშაულა იმაში, რომ მან უღალატა დეპარტამენტს, როცა უარი თქვა, აღესრულებინა იურიდიული განკარგულება. იეიტსმა ადრე განაცხადა, რომ მან დეპარტამენტის იურისტებს ურჩია, სასამართლოში არ დაეჭირათ მხარი ტრამპის აღმასრულებელი განკარგულებისთვის. ის შეცვალა დანა ბენტეიმ, ვირჯინიის აღმოსავლეთი ოლქის პროკურორმა. ბენტეიმ დანიშვნის შემდეგ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც იუსტიციის დეპარტამენტს მიმართავს, მხარი დაუჭიროს „ჩვენი პრეზიდენტის კანონიერ განკარგულებას“. მოელიან, რომ ტრამპის მიერ ამ თანამდებობაზე დასახელებულ ჯეფ სესიონს მალე დაამტკიცებენ. ტრამპმა შეერთებული შტატების „უცხოელი ტერორისტებისაგან“ დაცვის დაპირებით, 27 იანვარს ხელი მოაწერა აშშ-ში ლტოლვილების მიღების პროგრამის 120 დღით შეჩერებას, განუსაზღვრელი ვადით სირიელი ლტოლვილების მიღებაზე უარს და 90 დღით იმიგრაციაზე უარს უმეტესწილად მუსლიმებით დასახლებული შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისათვის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG