Accessibility links

პრაღაში დაკრძალეს ცნობილი ჩეხი ქართველოლოგი, ვაცლავ ჩერნი


31 იანვარს პრაღაში უკანასკნელ გზაზე გააცილეს ცნობილი კავკასიოლოგი და მთარგმნელი, საქართველოს „ღირსების ორდენის“ კავალერი, პროფესორი ვაცლავ ჩერნი, რომელიც 21 იანვარს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოთხოვების ცერემონიაზე შეკრებილებს შორის იყო ჩეხეთში საქართველოს ელჩი ზაალ გოგსაძე, რომელმაც „ფასდაუდებელი“ უწოდა პროფესორ ჩერნის ღვაწლს ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზების საქმეში. ვაცლავ ჩერნიმ ჩეხურად თარგმნა და გამოსცა არაერთი ქართველი კლასიკოსის ნაწარმოებები, მათ შორის ვაჟა-ფშაველას „გველისმჭამელი“, მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელო“ და ნიკო ლორთქიფანიძის თხზულებათა კრებული „დანგრეული ბუდეები“. ქართულის გარდა, ვაცლავ ჩერნი ფლობდა სომხურ, დაღესტნურ, ჩეჩნურ და ჩერქეზულ ენებს, მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციებში და ჩეხ სტუდენტებს მრავალი წლის განმავლობაში აცნობდა კავკასიელ ხალხთა ისტორიას, კულტურულ მრავალფეროვნებასა და ეთნოგრაფიას. ვაცლავ ჩერნიმ მოამზადა და ჩეხურ ენაზე პირველად გამოსცა სახელმძღვანელო „ქართული ენის საფუძვლები“. ქართული კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების დარგებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 2015 წელს ვაცლავ ჩერნი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით „ღირსების ორდენით“ დააჯილდოეს.

XS
SM
MD
LG